წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ - ვოლსკი „ღირსების მარშზე“

პუბლიკა

„საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ, უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არამარტო კანონის წინაშე, უფლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ და ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ – გააუქმებს თუ არა მთავრობა „ღირსების მარშს“ ლევან ვასაძის ულტიმატუმის შემდეგ.

„დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერანაირად ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებას – დაიცვას კანონი და ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულებისა და განსხვავების მიუხედავად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება არეულობის თავიდან აცილებას, ვოლსკი პასუხობს:

„ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ ყველანაირი არეულობა თავიდან აირიდოს. ქვეყანას აქვს რესურსი, რომ კიდევ ახალი გამოწვევა არ გაუჩნდეს ამასთან დაკავშირებით. ბალანსია საჭირო, სტაბილურობაა საჭირო და სიწყნარეა საჭირო იმისათვის, რათა გადავრჩეთ ამ საკმაოდ რთული გამოწვევების ცენტრში მდგომი პატარა ქვეყანა – სუსტი ეკონომიკით და ძალიან ბევრი გამოწვევით – გინდა აგრესორის მხრიდან, გინდა რეგიონში მიმდინარე პროცესების შემყურე, გინდა მსოფლიო დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე“, – ამბობს ვოლსკი.

მანვე აღნიშნა, რომ „ყველამ დაატანოს ჭკუას ცოტა ძალა და ვიფიქროთ ქვეყანაზე და ყველანაირი დაპირისპირებებს მოვერიდოთ – იქნება ეს პრაიდის მხრიდან თუ ანტიპრაიდის მხრიდან, ორივე მხარეს – ყველა მხარეს ეკუთვნის ეს“.

ვოლსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ეს დაპირისპირება „ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ განავითაროს“.


Tbilisi Pride-ის ორგანიზებით 5 ივლისს ღირსების მარში იმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა ღირსების მარშისა, მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის”.

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებლის, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობების მქონე ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” 10-დღიან ვადას აძლევს, გააუქმოს 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“. ვასაძის თქმით, მარშზე „სპონტანურად უამრავი ხალხი მივა და მოხდება ის, რაც მოხდება“.