წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი ავღანელებს ეროვნული აჯანყებისკენ მოუწოდებს - BBC

პუბლიკა

აჰმედ მასუდი, რომელიც ავღანეთში წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერია, სოციალურ ქსელში აუდიო ჩანაწერს ავრცელებს და  მოქალაქეებს ეროვნული აჯანყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მასუდის თქმით, თალიბანმა შეუტია მის ძალებს და მათ არ გაითვალისწინეს რელიგიური სასულიერო პირების მოწოდებები. აჰმედ მასუდის განცხადებით, თალიბანის წევრებმა მისი ოჯახის წევრები დახოცეს.

როგორც BBC წერს, აუდიო ჩანაწერში, მასუდი თალიბანის ლეგიტიმაციაში საერთაშორისო საზოგადოებასაც ადანაშაულებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბებმა ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში აჰმად მასუდის მიერ დაწყებული წინააღმდეგობის მოძრაობაზე გაიმარჯვეს. მათი მტკიცებით, ამბოხებულთა ნაწილი მოკლულია, ნაწილმა კი ხეობა დატოვა. პანჯშირის ხეობა ავღანეთში ერთადერთი რაიონი იყო, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებდნენ.

Reuters წერს, რომ თალიბანის მიერ ხეობაზე კონტროლის მოპოვებას მოწმობს ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრში თალიბების მიერ გადაღებული ფოტოებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

თალიბანის ლიდერების თქმით, პანჯშირის ხეობის მოსახლეობას, რომლებიც ეთნიკურად დომინანტური პუშტუნებისგან განსხვავდებიან, დისკრიმინაციულად არ მოეპყრობიან.