თალიბანი ამტკიცებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავეს

პუბლიკა

თალიბანის ლიდერები ირწმუნებიან, რომ მათ ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში აჰმად მასუდის მიერ დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობაზე გაიმარჯვეს. მათი მტკიცებით, ამბოხებულთა ნაწილი მოკლულია, ნაწილმა კი ხეობა დატოვა.

„პანჯშირის ხეობა სრულად დაეცა ავღანეთის ისლამური საემიროს წინაშე“, – წერს Twitter-ზე თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი. „ამ გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა ომის მორევიდან ამოვიდა და ჩვენი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს მშვიდობასა და თავისუფლებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – წერს მუჯაჰიდი.

Reuters წერს, რომ თალიბანის მიერ ხეობაზე კონტროლის მოპოვებას მოწმობს ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრში თალიბების მიერ გადაღებული ფოტოებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

თალიბანის ლიდერების თქმით, პანჯშირის ხეობის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც ეთნიკურად დომინანტური პუშტუნებისგან განსხვავდებიან დისკრიმინაციული მოპყრობა არ იქნება. „ისინი ჩვენი ძმები არიან და ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა მუჯაჰიდმა.

თუმცა, ჯერჯერობით პანჯშირის ხეობის დაცემას არ ადასტურებენ თავად წინააღმდეგობის მოძრაობაში. აქამდე არ გავრცელებულა კომენტარი მოძრაობის ლიდერის აჰმად მასუდის მხრიდან, მაგრამ ამბოხებულთა საგარეო ურთიერთობათა ლიდერი ალი მაისამ ნაზარი აცხადებს, რომ თალიბანის მტკიცება უსაფუძვლოა და ბრძოლა გრძელდება.

პანჯშირის ხეობა ერთადერთი ადგილია ავღანეთში, რომელზე კონტროლიც თალიბანს არ ჰქონდა. ისლამისტურმა ორგანიზაციამ აშშ-ის და კოალიციის ჯარების ავღანეთიდან გასვლის პარალელურად ქვეყანაზე კონტროლი სულ რამდენიმე კვირაში მოიპოვა. თალიბები ავღანეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ 15 აგვისტოს შევიდნენ, მაშინ, როცა კოალიციის ჯარებს ევაკუაცია დასრულებული არ ჰქონდათ. აშშ-ის მიერ 30 აგვისტოს ავღანეთის საბოლოოდ დატოვების შემდეგ მხოლოდ პანჯშირის ხეობა დარჩა, რომელიც თალიბანს უწევდა წინააღმდეგობას.