„წინასწარ შეუთანხმდა ბაჩიაშვილს" — სუსმა პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე დააკავა

პუბლიკა

სუსმა დააკავა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე.

გიორგი ქემოკლიძე თანამდებობიდან სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულების ყოფილ დირექტორთან, დავით გოგობერიშვილთან ერთად 21 აგვისტოს გაათავისუფლეს გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმის გამო – დაახლოებით ერთი თვით ადრე, 14 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ 11 ივლისს სხვა პატიმარი მის საკანში შევიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მაშინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „შესაძლოა, ციხის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ”.

გუშინ, 8 ოქტომბერს დავით გოგობერიძვილი გარდაცვლილი იპოვეს.

დღეს, 9 ოქტომბერს სუსმა პენიტენციური სამსახურის მაშინდელი განცხადება განავრცო და თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გიორგი ქემოკლიძესთან შეთანხმებით მოქმედებდა.

კერძოდ, უწყების მტკიცებით:

„გიორგი ქემოკლიძეს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რის განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს.

ამის შემდეგ განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გიორგი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კახი მეტრეველი.

მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კახი მეტრეველთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

ამ ინციდენტის შემდეგ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც, თავის მხრივ, პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გიორგი ქემოკლიძესთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.

საბოლოოდ, მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის [ბიძინა ივანიშვილი] წინააღმდეგ. 

ასევე, იმავე მიმართულებით, სტრასბურგის სასამართლოში.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი, მაღალი ალბათობით, შესაძლოა ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა.

გამოძიების მიერ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოხსენებული ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გიორგი ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

კერძოდ, მისი ბრძანებით, 2025 წლის ივლისში, მე-8 პენიტენციურ დაწესებულში მდებარე იმ საკანში, სადაც იმყოფებოდა გიორგი ბაჩიაშვილი, ყოველგვარი აღრიცხვის, ე.წ. გატარების გარეშე შეასახლეს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი ორი პატიმარი ნ.ჯ და ი.გ., რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად აღნიშნულ საკანში დაყვეს 10 დღე.

გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით მოხდა საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა.

ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გიორგი ქემოკლიძის დავალებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოაღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ვიდეომასალა.

ამ დრომდე არც გიორგი ქემოკლიძეს და არც გიორგი ბაჩიაშვილს როგორც გამოძიებაში, ისე საჯარო სივრცეში არსად დაუფიქსირებიათ ჩვენ მიერ ზემოხსენებული 2 პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად საკანში ყოფნის ფაქტი. მათ ეს დაუმალეს როგორც საგამოძიებო ორგანოს, ისე საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებასთან კომუნიცირებდა დეტალების დონეზე.

მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეში გუშინდელ დღემდე არცერთ მოწმეს არ უხსენებია ზემოაღნიშნული 2 პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან 10-დღიანი შესახლების შესახებ.

გარდა ამისა, 2025 წლის 11 ივლისს, გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეასახლეს ასევე სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმარი კახი მეტრეველი.

რის შემდეგაც საზოგადოებას პატიმარ ბაჩიაშვილის მხარემ აცნობა, რომ თითქოს ბაჩიაშვილი საკანში სხვა პატიმარმა სცემა, თუმცა გამოძიებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ რეალურ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით ბაჩიაშვილის საკნის სამეთვალყურეო კამერები გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაბამისად, არ გამჟღავნებულიყო რა მოხდა რეალურად გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. აღნიშნული, თავის მხრივ, ადასტურებს ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტს.

ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“.