წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს - „გრინსერვის+" -ის დირექტორი ვაკის პარკში ბავშვის დაღუპვაზე

პუბლიკა

„ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს” – ამბობს „გრინსერვის პლიუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციის შენობა დატოვა სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა.

„სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ, მეტსაც გეტყვით სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს… ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვჩენია… ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება“ – თქვა ფურცხვანიძემ.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

LB loan image desktop LB loan image mobile