დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი კეთილსაიმედო იმ შემთხვევაში იქნება, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციას დაიცავს, მათ შორის – თუ ნაკლებად დაესწრება წირვა-ლოცვებს.
„რა თქმა უნდა, არ უნდა დაირღვეს კანონი, მაგრამ იმავე წირვა-ლოცვებზე, შემიძლია მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ ვიყოთ ნაკლებად აქტიური ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულთან მისვლა, საფლავზე კვერცხი გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა – ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან, იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც იმ პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში „ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ – აპრილის ბოლოს და მაისის პირველ დეკადაში და თუ ამას გავაკეთებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი და არა ათასები. თუ ათასები იქნა, ეს რთულად გადასატანი იქნება“.
„ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მთავარი იარაღი ეს არის სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“, და მთავარია ის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და დავიცვათ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მითითებები და რეკომენდაციები. ამ ორი კვირის განმავლობაში – ვნების კვირასა და დიდი შვიდეულის კვირაში საზოგადობრივად ნაკლებად აქტიური ვიყოთ. ყველას ვთხოვ, რომ ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში, და დაცვა იმ რეკომენდაციების, რაც მუდმივად ჟღერდება“, – განაცხადა გამყრელიძემ
დღეს ბრიფინგზე გიორგი გახარიას ჰკითხეს, რა შეზღუდვები იმოქმედებს მიცვალებულთა დღესთან დაკავშირებით, როცა, ტრადიციულად, მოქალაქეები სასაფლაოებზე გადიან. გახარიას თქმით, შეზღუდვები, რაც არსებობს, არსებობს ყველასთვის და ეხება ყველას. მისივე თქმით, მთავრობას, შესაძლოა, სასაფლაოების დახურვა მოუწიოს.