წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს - კობახიძე

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო. თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა”, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

„დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”, – განაცხადა კობახიძემ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.