WizzAir: ამ ეტაპზე ადრეა ფრენების აღდგენის ზუსტ თარიღზე კომენტარი

პუბლიკა

ავიაკომპანია Wizz Air-ში აცხადებენ, რომ საქართველოდან ფრენების დაწყების თარიღზე საუბარი ნაადრევია. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელი, ანდრას რადო ამბობს, კორონავირუსის გავრცელების ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ქვეყნის ბაზარზე ცვალებადი სიტუაციაა.

„Wizz Air საქართველოდან ფრენებს განაახლებს როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის საშუალებას მისცემს და მოთხოვნაც გამოჩნდება. ამ ეტაპზე ძალიან ადრე იქნება ფრენების განახლების ზუსტ თარიღზე კომენტარის გაკეთება, რადგან ვითარება ყველა ქვეყნის ბაზარზე ძალიან ცვალებადია. მთავრობები Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად, ცდილობენ, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ. Wizz Air კვლავ ერთგულია საქართველოსი და ქუთაისიდან ფრენებს აღადგენს როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მისცეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ბილეთების გაყიდვას განვაახლებთ არ ვფიქრობ, რომ ბილეთების ფასები იქნება უფრო მაღალი, რადგანაც ჩვენ კვლავ დაგვჭირდება მგზავრთა ნაკადის მოზიდვა. ჩვენ ვრჩებით საქართველოს ბაზარზე და გვსურს რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,“-აცხადებს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ანდრას რადო.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 4 მარტს განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, WizzAir 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.