მიდის მოლაპარაკება, მარტის ბოლოდან განისაზღვროს ფრენების თარიღები - სამინისტრო WizzAir-ზე

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ WizzAir-ის ფრენების აღდგენა მარტის ბოლოდან დააანონსა, ხოლო თავად ავიაკომპანიამ თქვა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, „პუბლიკა“ დაინტერესდა, რას დაეყრდნო ნათია თურნავას ეს განცხადება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ WizzAir-მა ავიაციის სააგენტოში გამოგზავნა მოთხოვნა კვირაში 20 მიმართულებით 45 რეისის განხორციელების შესახებ. მათი განმარტებით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მარტის ბოლოდან ფრენების კონკრეტული თარიღის განსაზღვრაზე.

ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ავიაკომპანიამ მოთხოვნა დააფიქსირა, ახლა კი მიდის მოლაპარაკება, მარტიდან განისაზღვროს ფრენების თარიღები.

მათი თქმით, სწორედ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მინისტრ თურნავას განცხადება მარტის ბოლოდან ფრენების აღდგენის შესახებ.


ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 4 მარტს განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, WizzAir 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

ავიაკომპანია Wizz Air-ში აცხადებენ, რომ საქართველოდან ფრენების დაწყების თარიღზე საუბარი ნაადრევია. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელი, ანდრას რადო ამბობს, კორონავირუსის გავრცელების ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ქვეყნის ბაზარზე ცვალებადი სიტუაციაა.