წლებია, ჩვეულ პრაქტიკად იქცა ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი წერს, რომ წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია.

„მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს, “- წერს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი ამ განცხადებით, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება. ტელეკომპანიის ეთერში გასული ანონსის მიხედვით, სავარაუდოდ, ისმის და ჩაწერილია ბერა ივანიშვილის  საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარი.