პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთ მფლობელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალი ამხელს. ქალებმა თავიანთი ისტორიები სოციალურ ქსელში გააზიარეს.
შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
თავდაპირველად თავისი ისტორია ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ, გუშინ, 20 მარტს, Facebook-ის საშუალებით გაასაჯაროვა. ის წერს, რომ რამდენიმე წლის წინ, შალვა რამიშვილთან გასაუბრებაზე აღმოჩნდა.
„ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა.
ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი.
დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ „არ შემშინებია” მასთან მარტო დარჩენის), “- ჰყვება მაკო ჯაბუა.
მისი თქმით, თავიდან გასაუბრება ნორმალურად დაიწყო, თუმცა შემდეგ ამგვარ დიალოგში გადაიზარდა.
„გამომკითხა რაღაცები, მიხვდა, რომ „ცოცხალი“ გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ, რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო?
– მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.
-ხო, გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ – კარგად, ალბათ.
– ჰოდა, ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?
აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე.
არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო, ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი “გეი პორნოს ალბათ”.
-ხო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?
-არ ვიცი
– მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს).
– რას გრძნობ?
– უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო, რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)
– არ გინდა დაან*რიო?
– არა
– მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?
– არ ვიცი
ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე, “- წერს ის.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ისტორიის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მაკო ჯაბუას თქმით, ასეთი ისტორია არის ძალიან ბევრი.
„ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ „ძლიერი“ აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი, ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ”, – წერს ჟურნალისტი მაკო ჯაბუა.
ჟურნალისტის საჯაროდ გაზიარებული ისტორიის შემდეგ, დღეს სოციალურ ქსელში არაერთი ქალის ამბავი გაჩნდა, რომლებიც შალვა რამიშვილთან მსგავს ისტორიას იხსენებენ. ერთ-ერთია გვანცა ბუდაღაშვილიც, რომელიც შალვა რამიშვილთან მიმოწერის სქრინებსაც ასაჯაროებს.
„თუ სწორად მახსოვს 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. (მაშინ „პოსტ ტვ” მხოლოდ ონლაინ ტელევიზია იყო) მივედი და რაც შემდეგ მოხდა არავის უკვე აღარავის გაგაოცებთ. ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო.
… უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცეები გავარკვიოთო.
მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ „სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა, “- ჰყვება ის.
მორიგი ისტორია, რომელიც დღეს გავრცელდა და შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს ანა იასაშვილს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ წლებია თავს იკავებს, მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ აძლევს იმის უფლებას რომ სოლიდარობა არ გამოხატოს ყველა იმ ქალის მიმართ, ვინც ეს გაიარა.
„წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. 18 წლის ასაკში ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე… პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში ( TV იმედი ), წინასწარ გამაფრთხილა რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი (პერსონაჟია ასეთიო) გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ), და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს , მერე მიგზავნის, მერე აუქმებს …. მანიაკია და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს და თავისუფლად დადის ქუჩებში … მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრამვის გადასახარშად, “- წერს ანა იასაშვილი.
ამ ისტორიების შემდეგ თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა საჯაროდ „აიისას“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანანია გაჩეჩილაძემ. ის წერს, რომ მაკო ჯაბუას ისტორიამ დაარწმუნა, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების შემთხვევები ძალიან ბევრია, ამიტომ გადაწყვიტა თავისი ამბის მოყოლაც.
ამ ისტორიების გარდა სოციალურ ქსელში კიდევ რამდენიმე ქალი ჰყვება თავის ამბავს შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
პროპაგანდისტული არხი POSTV პრორუსული „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმაა. მისი მფლობელი უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეა. ის კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 52%-ს ფლობს.
ქალების მიერ შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას არხი განცხადებით გამოეხმაურა.
„გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით – „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის,”- ნათქვამი არხის განცხადებაში. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ არხი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება.
ქალებს, რომლებმაც შეძლეს მათი მძიმე ისტორიების საჯაროდ გაზიარება, დღეს სოციალურ ქსელში სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ სხვა ქალებიც.
კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა. სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციული წესით ისჯება და სანქციებს ითვალისწინებს. ხოლო სამუშაო ადგილზე ამის კონტროლი თავად დამსაქმებელსა და სახალხო დამცველს ეკისრება.
კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
- საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – 500 ლარით.
- იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
- ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.