წლის ბოლო 3 თვეში „ქართულ ოცნებას" 9,5 მილიონი ლარი შესწირეს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულებები შეისწავლა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ 2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიმართ შეწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შეწირულების 93%-ია.

TI-ის ინფორმაციით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700 000 ლარამდე ღირებულების შეწირულება მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შეწირულება 13-ჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის მიერ ერთად აღებულ შეწირულებას. კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შესწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად – 130-მა.

ღია წყაროებზე დაყრდნობით TI-ის შესწავლილი ჰყავს მმართველი პარტიის დონორები, მათი კავშირები იურიდიულ პირებთან, მიღებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები თუ სხვა საბიუჯეტო პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევები.

კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1,7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2013 წლიდან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.

„ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით 15 000 ლარი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, TI-ში აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულ 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხუთ კომპანიას – 18 მილიონ ლარამდე.

დოკუმენტში საუბარია, სავარაუდოდ, მესამე პირების მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებებზეც – როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მსხვილი ბიზნესჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ.

მათი შეფასებით, ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი „ფიქტიური დონორები” არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც TI-ის განცხადებით, კანონდარღვევაა.