წლის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები | ომბუდსმენის შეფასება

პუბლიკა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო შეაჯამა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობა.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული,  2020 წელი დატვირთული იყო მაღალი საჯარო ინტერესის მქონეს სისხლის სამართლის საქმეებით.

 გიორგი შაქარაშილის საქმე

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატმა საგამონაკლისო დაშვებით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო.

„ასევე, იკვეთება იმ სახის სავარაუდო დარღვევები, რომლებიც გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივ შემოწმებას საჭიროებს“.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა, რომლითაც საგამოძიებო უწყებებს საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ლუკა სირაძის საქმე

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ლუკა სირაძის საქმე ყოფილი გამომძიებლის მარინა ჩოლოიანის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე გაირკვა, რომ გამოძიების პროცესში სათანადოდ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად, კვლავ არსებობს გამოძიების მხრიდან დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საჭიროება“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე, გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მხრიდან სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი. რაზეც აპარატმა მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორის დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ სავარაუდო ზემოქმედებაზე.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

2020 წელში პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს.

„ გამოძიების განახლების მიზნით, სახალხო დამცველმა პროკურატურას წინადადებითაც მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურამ აღნიშნული წინადადება არ გაიზიარა“, – წერია განხცადებაში.

კარტოგრაფების საქმე

ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი აქტიურად და დეტალურად სწავლობს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს.

„ჩვენი შესწავლის საგანია ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ბრალდებულთა მიერ განხორციელებული საქმიანობა დანაშაულებრივ ქმედებად. ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და ჩვენი საბოლოო შეფასებაც, საქმის მასალების სრულად შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ განხცადებაში.