„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი" — პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი”. – საკომიტეტო სხდომების პარალელურად, სადაც მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებს უსმენენ, პარლამენტთან კულტურის სფეროს წარმომდაგენლები და მეცნიერები საპროტესტო აქციას მართავენ.

„რატომ დაანგრიეს ქოროღოს კოშკი? რატომ არ მოხდა ქოროღოს კოშკის სიღრმისეული შესწავლა? რატომ ფლანგავს სამინისტრო თანხებს არამიზნობრივად? რატომ არჩევს კულტურის სამინისტრო ხელოვნებს პოლიტიკური ნიშნით საერთაშორისო ღონისძიებებზე წარსადგენად? სად ინახება ხელოვნების მუზეუმის კოლექცია? რატომ დაინიშნა კინოცენტრის კინოწარმოების უფროსად არაკომპეტენტური პიროვნება?” – ეს და სხვა კითხვები აქციაზე მეგაფონიდან ისმის. იგივე კითხვები შენობის კედელზე ჩნდება.

პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს,  განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ გიორგი ახვლედიანს, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

მათ სამთავრობო პროგრამა წარადგინეს.  დეპუტატებმა დასვეს კითხვები, რომლებსაც მინისტრებმა უნდა უპასუხონ. კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ კომიტეტები კანდიდატებს ნდობას გამოუცხადებენ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთ შეკრებილები კი ითხოვენ, კომიტეტმა არ გამოუცხადოს ნდობა თეა წულუკიანს.

„სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუსმენს თეა წულუკიანის კულტურის მართვის, სინამდვილეში კი კულტურის ჩამოშლის სტრატეგიას, რათა 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მას ნდობა კულტურის მინისტრის პოსტზე.

თეა წულუკიანს უნდობლობას უცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები!

  • წულუკიანი ანგრევს ქართულ კულტურას!
  • წულუკიანი არ შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი!
  • კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.