„ქართული ოცნების“ წევრები უკმაყოფილო არიან სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშით, რომელშიც, მათ შორის, აღნიშნულია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაირღვა მოქალაქეების უფლებები, ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, წამება, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ასევე საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელის შეშლაზე.
თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანი გააკრიტიკა და სახალხო დამცველს ფაქტობრივად თანამშრომლების გათავისუფლება მოსთხოვა.
„თქვენ, მე დარწმუნებული ვარ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ სტაფის ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ – არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომელსაც ეჩვენება, რომ დეესკალაციის ოთახებში თურმე ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა. ეს ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადია“.
უკმაყოფილოა ნინო წილოსანიც.
„მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? იმიტომ, რომ მეუცნაურა ნამდვილად. კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, მშვიდობიან ცხოვრებას, იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო, გადატრიალება არ მომხდარიყო, უდიდესი ზეწოლის.
აღარ ვსაუბრობ იმაზე – პიროტექნიკა, ცეცხლსასროლი სხვადასხვა საშუალება, ცივი იარაღი თუ საშუალებები, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა – ამის მიღმა, ეს პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის წინაშე იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც საუბრობთ. თუმცა არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან, ყოფილიყო რაიმე არაკორექტული, თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ შეიძლება ეს იყოს განზოგადებული“, – თქვა წილოსანმა.
28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც აქციების დარბევებში მიიღეს მონაწილეობა და ჯგუფურად ძალადობდნენ დემონსტრანტებზე, იძალადეს არაერთ ჟურნალისტზე, მათ შორის მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს/წაართვეს ტექნიკა. ამავე დროს, შსს-ის წარმომადგენლებს ეკეთათ ნიღბები და არ ჰქონდათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
პოლიციამ, მათ შორის, იძალადა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილზე, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ამასთან, შსს-ის წარმომადგენლის მიერ თავში ჩარტყმის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას ჰქონდა ხერხემლის მალის და სახის ძვლის მოტეხილობები.
შსს-ის არც ერთი წარმომადგენელი არ დასჯილა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.
ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების რაოდენობა რამდენიმე ასეულია.