წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი - ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითად კულტურის მინისტრი დარწმუნებულია, რომ „ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს“.

ევროპარლამენტარი „TV პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი – „როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორად ვითარდება“.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან, მე მაშინ საქართველოში, მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის, ის იყო დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა.

არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთ რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს, რატომ ამირჩია მე, რადგან აქ, ევროპარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, ვინც ერთნაირად ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე საქართველოში. მისი ბრალდებები ჩემზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და იმედგამაცრუებელი“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი „TV პირველთან“


„ქალბატონი ფონ კრამონს, ნაციონალებთან მეგობრობს გამო, დარწმუნებული ვარ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს. თავის მეგობრებს რომ გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია“, – კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE-ს“ ეთერში ის უცხოელი პატნიორები გააკრიტიკა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისა თუ ნიკა გვარამიას პატიმრობასა და „ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს.

თეა წულუკიანის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „უცხოელთა პატარა ჯგუფი მოგვყიდოს, რომ ისინი არიან ევროპა და დასავლეთი“. მისივე თქმით, უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, „ქართველ ხალხს მიჰყიდოს, რომ თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად“.

წულუკიანი „უცხოელთა ჯგუფში“ ასახელებს: ევროპარლამენტარებს ვიოლა ფონ კრამონს, ანა ფოტიგას; აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში იან კელის; ლიეტუვის სეიმის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისსა და ა.შ.