„კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, შენობის აღდგენამდე ექსპონატების დროებით საცავში გადატანა იგეგმება.
„კერძოდ, ჩვენ პირველ რიგში ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას. მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და იგივე ექსპონატები როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვით ეს ექსპონატები, ეს ექსპონატები დაბრუნდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ხელოვნების მუზეუმის შენობას ბოლო 15-20 წელია არავინ შეხებია და მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, ამიტომ მისი აღდგენისთვის დიდი დანახარჯები იქნება საჭირო.
„შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი დანახარჯისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. მაგრამ წელს უკვე ჩვენ ვიმუშავებთ და შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ამას ვერ გაწვდება და ველოდებით, რომ მისი შეხედულებისამებრ პროფესიონალების გუნდი დააკომპლექტოს. შემდეგ უკვე მოვიწვევთ ამავე ჯგუფში სამუშაოდ არქიტექტორ-რესტავრატორებს, ხელოვნებათმცოდნეებს და დავიწყებთ პროცესს იმისთვის, რომ განახლების და აღდგენის კონსტრუქციული და არამხოლოდ კონსტრუქციული პროექტი იყოს მზად და ასიგნებები მომვალი წლის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონში იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 5 აგვისტომდე საზოგადოებას აცნობებენ, სად განთავსდება ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატები.
„რაც შეეხება ექსპონატებს, 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება მათი გადატანა მანამ, სანამ 1835 წელს ზუბალაშვილების მიერ აგებული შენობა განახლდება და გამაგრდება. ეს იქნება ძალიან დიდი ტექნიკური სირთულე, მაგრამ პროეტი გაკეთდება და ეს ითხოვს დროს. ამასობაში სად უნდა მოთავსდეს დროებით საცავში ეს ასეულობით ათასი ექსპონატი – ჩვენ ვთქვით, რომ 5 აგვისტომდე სივრცეების იდენტიფიცირებას მოვახდენდით. ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით, ოქროს ფონდში არის ისეთ მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ ის 2 სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი და ამაზე დღეს-ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ. კონკრეტული მუზეუმისგან შორს არ იქნება ის სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა“, – განაცხადა მინისტრმა.