„კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახელით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში.
გადაცემაში მან მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ არაერთი ბრალდება წამოაყენა და აღნიშნა, რომ, როცა მუზეუმში ექსპონატების ინვენტარიზაცია დასრულდება, მასალებს სამინისტრო საგამოძიებო უწყებას გადასცემს.
მისივე თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები პროფესიონალები არ იყვნენ და უწყებამ არჩევანი გააკეთა თანამშრომლებზე, რომლებსაც „გული აქვს მარცხნივ და არა მარჯვნივ“.
„რაც შეეხება მუზეუმის თანამშრომლებს. ერთ-ერთი ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს აღნიშვნას, ეს ქალბატონი ნინო ხუდაძეა, რომელიც ხელმძღვანელობდა ფერწერის ფონდს და სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია.
ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების უკვე გათავისუფლების როლზეც ვისაუბროთ. როცა ინვენტარიზაცია დასრულდება ამაზე ფართო განხილვა მოეწყობა“. – განაცხადა წულუკიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად კი – შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ადამიანებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ, – წულუკიანმა განაცხადა:
„რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც დავასრულებთ ინვენტარიზაციას, მასალებს გადავცემთ საგამოძიებო უწყებებს“.
„აქციაზე მყოფი ხალხი ან პოლიტიკურადაა ანგაჟირებული, ან ყოფილი თანამშრომლები არიან, რომლებიც შეიძლება, არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროფესიონალები არიან და ვინაიდან ჩვენი არჩევანი შტატების ოპტიმიზაცია იყო, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ პროფესიონალებზე.
ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ პროფესიონალებზე, რომლებსაც გული აქვთ მარცხნივ და არა მარჯვნივ” – განაცხადა წულუკიანმა.