წულუკიანი: მწერალთა სახლი, მწერალთა კავშირის იმდროინდელ მწერლებს შენობაში არ უშვებს

პუბლიკა

მინისტრის საათის ფორმატში კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. წულუკიანმა, მწერალთა სახლთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„მე მინდა, მას შევახსენო და ასევე – სალომე სამადაშვილს, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით, რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით. რა გაცინებთ, ქალბატონო სალომე? თქვენ, ალბათ, მაშინ ბრიუსელში იყავით და ესპრესოს ჭიქით ხელში, დიპლომატის მშვიდი სახით, აკვირდებოდით რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და გამიხარდა, რომ გაგაცინეთ.

2007 წელი დგას, ქალბატონო სალომე და ღამის 7 საათზე სპეცრაზმი თქვენი ხელისუფლების დროს შეიჭრა მწერალთა კავშირში. იქიდან გამოყარა მწერლები. არაერთ მათგანს დღესაც აქვს მაშინდელი შოკით გამოწვეული პრობლემები და შემდეგ ამ ხალხს მოუწია დავა სასამართლოში, რომელიც წააგეს, ნივთები ფანჯრიდან გადმოუყარეს და დატოვეს ქუჩაში. შემდეგ ამ შენობაში ტაშ- ფანდურის თანხლებით შექმნეს მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ მწერალთა კავშირის იმდროინდელ მწერლებს შენობაში არ უშვებს. ეს ხომ რეალობაა და ბატონი ვაშაძე მე მეკითხება, მწერალთა კავშირზე რას აპირებო.

ალბათ, მას უნდოდა ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებო. თუ ეს იყო შეკითხვა, მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას ასევე აქვს პრობლემა და მათ პროექტებს ვაფინანსებთ, არავინ ეკითხება, რას აკეთებენ და მე მგონი, ეს ასე კარგია, თუმცა „ლიტერას“, რომელიც კეზერაშვილის პრემია გახდა, სამინისტრო არ დაიბრუნებს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.