კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ პოეტ პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად სამინისტროს ხელშეწყობით ახალი წიგნი გამოიცა სახელწოდებით – „ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი პაოლო იაშვილი“.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ ლიტერატურის ეროვნულ მუზეუმში „მავანს სურდა, შეებღალა პაოლო იაშვილის შემოქმედება და ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიეწერათ, მაგრამ მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდა“.
კულტურის მინისტრის კომენტარს და წიგნის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო აქვეყნებს.
„ჩვენი ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი, წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთის მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს და ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ, ლიტერატურის სახელწმიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის.
ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და სამინისტრომ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა, “- ამბობს თეა წულუკიანი.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ „ელენე დარიანის დღიურების“ ავტორი პაოლო იაშვილია.
მათი თქმით, პაოლო იაშვილის შემოქმედების ეჭვქვეშ დაყენების კიდევ ერთი ცდა იყო 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ კრებულის – „ელენე ბაქრაძე-დარიანის“ გამოცემა.
„ცოტა ხნის შემდეგ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა, კერძო შემოწირულობების წყალობით, ხელახლა გამოსცა კრებული და განაცხადა, რომ ეს იყო სამინისტროსათვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი.
კრებული კვლავაც საავტორო უფლებების უგულებელყოფით გამოიცა: გარეკანს ისევ აწერია „ელენე ბაქრაძე-დარიანი“, წიგნში კი შეტანილია პაოლო იაშვილის ლექსები პოეტური ციკლიდან „ელენე დარიანის დღიურები“. წიგნი დაიბეჭდა სტამბა „სეზანში“.
ამ ყოველივეს ფონზე 2022 წელს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დამუშავებულიყო და ერთ აკადემიურ კრებულად გამოცემულიყო კომპეტენტურ მკვლევართა, ლიტერატურათმცოდნეთა, ტექსტოლოგთა, მეთოდოლოგთა, ისტორიკოსთა ის ნაშრომები, რომლებიც 1997-2022 წლებში ამ თემაზე შექმნილა და ეფუძნება პროფესიული ანალიზის პრინციპებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებსა და შეხედულებებს, “- ამბობენ სამინისტროში.