„წულუკიანი ქალი რომ არ ყოფილიყო და რეგლამენტს მოეცა საშუალება, სხვანაირად გავცემდი პასუხს. იმიტომ, რომ აშკარად დაუკრეფავში გადავიდა და ზღვარს გასცდა”, – ამ სექსისტური ფრაზით გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების” დეპუტატის თეა წულუკიანის მხრიდან მის კრიტიკას. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
გუშინ, 16 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილსა და წულუკიანს შორის შეპასუხება ამჯერად ბათუმის ბულვარის თემის საკითხზე მოხდა.
„მე ძალიან კონკრეტული პრობლემის შესახებ ვისაუბრე. ვისაუბრე კონკრეტული სისხლის სამართლის პრობლემის შესახებ. ბათუმის ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ბათუმის ბულვარში, ძეგლში მიმდინარეობს სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავს.
შემზარავი მოსასმენია ქალბატონი წულუკიანისგან. მერე მე არ მომეცა პასუხის საშუალება, რა თქმა უნდა, იმავე ტონალობით არ ვუპასუხებდი, როგორც ის მელაპარაკებოდა. რა ვქნა, ქალია. მე ასე ვერ ვეტყოდი, მაგრამ გამაოგნებელი იცით რა არის, იურისტი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომ ამბობს – ხო, ეს შეცდომაა. შეცდომასა და დანაშაულს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში 19-სართულიანი კორპუსის შენება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული…”, – განაცხადა ელისაშვილმა.