წულუკიანი: შეიძლება გვითხრან, რომ თქვენ ხართ მამონტი და მე უნდა ვამტკიცო, არ ვარ მამონტი

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მუდმივად უწევს მტკიცება, რომ ივანიშვილს არ აქვს ჭარბი გავლენები.

„გვიწევს იმის მტკიცება, რაც რეალობაა. არა ბატონო, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ჭარბი გავლენები. თუ ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ თქვენ ხართ მამონტი, მე უნდა ვამტკიცო, რომ არა ბატონო, მე არ ვარ მამონტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანიის ეთერში.

„რა გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი, გარდა იმისა, რაც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოსთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გადაარჩინა არაერთი დარგი, გადაარჩინა არაერთი სფერო, სული ჩაჰბერა არაერთ რეფორმას, მათ შორის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო სათავეში, მათ შორის, როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში. ნებისმიერი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად ვინ იყო ხელისუფლებაში.

როდესაც მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მან ეს დახმარება შეწყვიტა – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია, მაგრამ გააგრძელა ძეგლების გადარჩენა, თეატრების აღდგენა, სპორტის დახმარება და დღემდე ჩვენ და ახლა უკვე კულტურისა და სპორტის მინისტრის დარგში შემიძლია სხვა ჭრილში შევაფასო ის დიდი საქმეები, რაც მას აქვს გაკეთებული და ეს არის ძალიან დიდი საქმე, რასაც სახელმწიფო თავისი სახსრებით კიდევ 30-40 წელი ვერ გააკეთებდა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასეთი ბიძინა ივანიშვილი ვიღაცებს უშლის ხელს. სულ ეს ხდება, თორე ბიძინა ივანიშვილს რომ მთავრობაზე და ვიღაც სპორტის მინისტრზე ან კიდევ პრემიერზე აქვს გავლენა, ეს არის გამოგონილი“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 8 ნოემბერს დაამტკიცეს. ტექსტში კენჭისყრამდე 220 შესწორება შევიდა. რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ და დეოლიგარქიზაციის საჭიროებაზე.

ანგარიშში მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებში ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ „სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გატარებით“.