წულუკიანი: თავი არ მოვიტყუოთ, ეს ტექსტი ცუდია და ის პირველ რიგში ცუდია ევროპარლამენტისთვის

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა.

საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 8 ნოემბერს დაამტკიცეს. ტექსტში კენჭისყრამდე 220 შესწორება შევიდა. რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ და დეოლიგარქიზაციის საჭიროებაზე.

თეა წულუკიანის შეფასებით, ტექსტში ბევრი უარყოფითი ჩანაწერია და ეს ჩანაწერები მისი თქმით, ევროპარლამენტში დეპუტატების მცირე ჯგუფის ძალისხმევით იქნა შეტანილი.

„კუბილიური, ფოტიგა, გრეგორევა და სხვები. პატარა ჯგუფია, მაგრამ საკმაოდ აქტიური, მაგრამ რატომღაც არ ანებებს თავს იმ რეალობის პრიზმიდან ჩვენი ქვეყნის ყურებას, რომელიც ჩვენი გადასახედიდან მცდარია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მისთვის ტექსტში ერთი-ორი რამ იყო სიახლე, დანარჩენს კი როგორც თავად აღწერს „10 წელია უყურებს“.

„გეუბნებით, რომ ამ რეზოლუციაში ერთი-ორი რაღაცის გარდა, სიახლე არ არის, ამას დახურულ კარს მიღმა ჩვენ მუდმივად ვიტანდით, განვიცდიდით და ვუძლებდით ამ ყველაფერს – არ გაუშვა ეს, გაუშვი ის, ეს გააკეთე, ის გააკეთე. ბევრი რაღაც გავაკეთეთ ჩვენ, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, მაგრამ მერე არის რაღაცები, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, როდესაც ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას ეხება საქმე ეს არის უზენაესი“, – ამბობს წულუკიანი.

რაც შეეხება სიახლეს – მისი თქმით, სიახლე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერია.

 „ნამდვილად ახალია, რომ მათ პირდაპირ, ღიად განაცხადეს, რომ შეზღუდეთ ბიძინა ივანიშვილის გავლენები ქვეყანაში. მათ არ დაიზარეს, რომ ამაზე ოფიციალურ რეზოლუციაში შავით თეთრზე ჩანაწერი უნდა ყოფილიყო. ჩემთვის სიახლე მხოლოდ ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის შიშველი. იქ არაფერი დაფარული აღარაა“.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას უშლის ხელს და ეს მათ შორის ის ძალებია, რომლებიც მისი მტკიცებით, ამავე ტექსტიდან მიშას ციხიდან გამოშვებას მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“.

 „ეს შეიძლება იყოს გაცილებით ფართო ჯგუფი. მის წინააღმდეგ მუშაობს დიდი მანქანა. ამ კაცის თვითონ არსებობის ფაქტი ვიღაცებს უშლის ხელს. რა უნდა თქვა, ხომ არ იტყვიან ბიძინა ივანიშვილო, გაქრი ! ამას ვერ იტყვიან, ამიტომ იგონებენ, რომ ის აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს და ზღაპრები“, – ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, ეს რეზოლუცია დიდი სურათის პატარა ნაწილია და ის 10 წელია ხედავს, რომ ივანიშვილი რაღაც ძალებისთვის, რაღაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე პრობლემაა.

მისი თქმით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და უნდა ვთქვათ, რომ რეზოლუციის ტექსტი ცუდია და ცუდია ყველასთვის, თუმცა მისი თქმით, ის ცუდია პირველ რიგში ევროპარლამენტისთვის.

„რომ გითხრათ, არ მიკვირს-მეთქი – მოგატყუებთ, მიკვირს. მე ვერავის დავეთანხმები, რომ ამგვარი ჩანაწერები ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ეს ცუდია პირველ რიგში იმ ურთიერთობისთვის, რომელიც საქართველოს ხალხსა და ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს შორის, არსებობს. რასაკვირველია, თვითონ ევროკავშირისთვისაც ცუდია. ამ ტექსტში დიდ დროს უთმობს თავად ევროკავშირი, სამართლიანადაც, რუსულ პროპაგანდას სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მათთვის, ის იმიჯი, რომელსაც ევროპარლამენტი იძლევა ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენს ქვეყანაში ევროპარლამენტის, ამ პარლამენტარების იმიჯი არ იქნება ორჯერ მეტად, სამჯერ მეტად მყარი, ვიდრე უნდა იყოს ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რუსულ პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერდება. ამიტომ თავიანთ თავსაც ურტყამენ და გამიკვირდა“, – ამბობს წულუკიანი.

LB loan image desktop LB loan image mobile