წულუკიანის ბრძანებით, კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესი შეწყდა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის ცნობით, კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყდა.

განცხადებაში ამის მიზეზად მინისტრს თეა წულუკიანის მიერ მიღებული ბრძანება სახელდება, რის მიხედვითაც მინისტრმა გააუქმა დადგენილება, რომელიც რექტორის არჩევის ვადებსა და შესაბამის პროცედურებს ადგენდა.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, რექტორს ირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორის არჩევის დღედ 10 ოქტომბერი იყო განსაზღვრული.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საკითხს სოციუალურ ქსელში პიანისტი გიორგი გიგაშვილი ასე ეხმაურება:


20 სექტემბერს მინისტრმა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დროს ცვლილებები დააანონსა და აღნიშნა ისიც, რომ „ხარვეზები არის ხელმძღვანელობაში”.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ხარვეზი სისტემაშია” – ასე უპასუხა კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ თეა წულუკიანის ამ შეფასებას. ვრცლად გაეცანით ამაზე თემაზე მიმაგრებულ ბმულს.

რამდენიმე თვის წინ კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე სოციალურ ქსელში კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა: „მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა”.