„ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია“ - წულუკიანმა კონსერვატორიაში რეფორმა დააანონსა

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)“, – განაცხადა წულუკიანმა.

რამდენიმე თვის წინ კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე სოციალურ ქსელში კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი, მე მგონი, საბჭოთა წარსულის კვლევაში უნდა ჩაიდოს და ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს სჭირდება. ასე მგონია ფანტასმაგორიულ რეალობაში ვართ – ის, რაც ხდება, არ შეიძლება ხდებოდეს 2023 წელს, ეს არ შეიძლება ჩვენი რეალობა იყოს 21-ე საუკუნეში. მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრავმა და შიში ჯერ არ მოუნელებია; რომელმაც კარგად იცის, რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი და „დაზავების“ ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები. გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით“, – წერს შარიქაძე.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე კონსერვატორიის რექტორად სამეურვეო საბჭომ 4 წლის ვადით 2019 წელს აირჩია.