წულუკიანის კომისია „ოცნების" პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს.

წულუკიანის თქმით, ვადის გახანგრძლივება მათ „სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბებისთვის” სჭირდებათ.

„ამ დოკუმენტს უნდა დაეყრდნოს მომავალში ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობების და უკანონობების ავტორთა პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის თუ ყოფნის აკრძალვას. ის პარტიები, სადაც ეს პირები არიან გაწევრიანებულები ან მომავალში ის პარტიები, რომელსაც ისინი ხელახლა დააფუძნებენ, ვერ იქნებიან პოლიტიკურ ველზე. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად, იმიტომ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგვიანებულიც კია. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ეს თავის დროზე გააკეთა, ვინც თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ეს დაემართა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას ემსახურება ეს კომისია და მისი დასკვნა.

ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს პარლამენტს, როგორც არის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა.

გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და დაგვემატა 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს ვფიქრობ, რომ მოითხოვს და აუცილებლობაა მინიმუმ ერთი თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში, ხოლო საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე”, – თქვა წულუკიანმა.


„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.

რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.

27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ოცნების” საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.

მისი და „ქართული ოცნების” მტკიცებით, ოპოზიციურ პარტიებს „2012 წლის შემდეგაც აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და რეაგირებას საჭიროებს”.

საბოლოოდ, „ოცნების“ გადაწყვეტილებით, წულუკიანის კომისიის მანდატი გაფართოვდა და  გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე”.