თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა – საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მხარეებმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვები, ხოლო დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მოწმეები უდავოდ ცნო.
ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი „პუბლიკასთან” აღნიშნავს, რომ საქმე 2 სხდომაზე დასრულდება და მომდევნო პროცესზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
„შესავალი სიტყვები ვთქვით, ყველა მოწმე, ვინც ჰყავდათ, უდავოდ გავხადეთ, იმიტომ, რომ არც მოწმეები არაფრის მომცემები არ არიან. ჩვენ წინასასამართლო სხდომაზე გვინდოდა, თვითონ კომისიის წევრები დაეკითხათ, ვინაიდან მათ უნდა გვიპასუხონ კითხვებზე, მაგრამ სასამართლომ უარი გვითხრა. 7-ვე წევრი გვინდოდა, მაგრამ უარი თქვა სასამართლომ და არცერთ პროცესზე არ დაუშვეს ისინი მოწმეებად, პროკურატურას არ შეჰყავს მოწმეების სიაში. ვინც შეჰყვათ სიაში მოწმეებად, ანუ ფოსტის თანამშრომლები და ამ კომისიის კლერკი, ისინი არ გვჭირდებიან. გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს, დოკუმენტებს და დავასრულებთ. 2 სხდომაში დასრულდება. შემდეგი სხდომები ჩაინიშნა 24 ივნისს და 4 ივლისს დავასრულებთ.
ირაკლი ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო.
8 აპრილს ოქრუაშვილს „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა.
წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამავე საქმის ფარგლებში გუშინ, 22 მაისს დააკავეს ზურაბ ჯაფარიძეც.