წულუკიანის კომისიის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.

საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს. პატიმრობის ათვლა 22 მაისიდან დაიწყება.

ზურაბ ჯაფარიძე სხდომას არ ესწრებოდა. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროცესზე არ მისულან ოჯახის წევრები და ახლობლები.

საბოლოო რეპლიკებით არ უსარგებლიათ დაცვისა და ბრალდების მხარეებს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირველი პოლიტიკოსია, რომლის მიმართაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენი დადგა.

დღეს გაიმართება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესიც, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა. ხვალ გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებაა მოსალოდნელი.

სასამართლო ასევე განიხილავს ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გივი თარგამაძის საქმეებსაც.