გვარამიას მობილური ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, რითაც ორგანიზაციის შეფასებით, წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

„საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია.

ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე, წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს“,- ნათქვამია განცახდებაში.

ორგანიზაცია მოვუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებს პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა.