წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაჰგლიჯა და აღარ დაუბრუნა - HRW-ის ანგარიში

პუბლიკა

„22 ივლისს კულტურის მინისტრმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უსიამოვნო კითხვების პასუხად მიკროფონი წაჰგლიჯა და აღარ დაუბრუნა”, – ამის შესახებ საუბარია Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში, სადაც 2021 წელს საქართველოში მომხდარი მოვლენებია შეფასებული. მედიის თავისუფლების თავში საუბარია სხვა საკითხებზეც:

„2021 წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს. თებერვალში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც თბილისში ვახო სანაიას, კერძო ტელეკომპანიის „ფორმულას“ წამყვანს, თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, თავდამსხმელებმა ის იცნეს და თავდასხმის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.

5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სატელევიზიო არხებიდან „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი ტვ“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურიდან და ონლაინ მედიაორგანიზაციებიდან. თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაანადგურეს მედიის აპარატურა. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. (დეტალურად იხილეთ ქვემოთ).

„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული.

ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია ანგარიშში.

LB loan image desktop LB loan image mobile