წყალტუბოს წყალზე წვდომის უფლებას მივცემთ კერძოს, რომელიც კარგად მოუვლის - მინისტრი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ჟურნალისტმა შეახსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და აბანოს გამოსყიდვას აპირებდა. ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, რატომ დაასწრო მთავრობამ ივანიშვილს სს „ბალნეოსერვისისგან“ წყალტუბოს წყლების $8.1 მილიონ დოლარად გამოსყიდვა.

„ბატონი ბიძინას განცხადება იყო, რომ, თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ის მზად იყო, თვითონ გაეკეთებინა ინვესტიცია. იცით, რომ ბატონი ბიძინას ინტერესი ქვეყანაში ბიზნესის კეთება არ არის, არამედ განვითარების პროცესის ხელშეწყობა, ამიტომ ეს არის ის, რაც მან განაცხადა და რასაც აცხადებს, ის ყოველთვის ასრულებს ხოლმე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, კერძო სექტორთან შეხვედრის შემდეგ დაიწყება პრივატიზაციის აქტიური პროცესი.

„დარწმუნებული ვარ, [წყალტუბოს წყლები] უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში და თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ინვესტორს, ვინც იქ ტურისტულ-ბალნეოლოგიურ ინფრასტრუქტურას განავითარებს. შესაბამისად, სწორედ ჩვენს ინტერესში იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა ზუსტად ეს აქტივი და სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო როდესაც ერთ კონკრეტულ ლიცენზიანტს ეძლეოდა ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის გამოყენების უფლება. აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯი ზუსტად ეს იყო, პარალელურად იმისა, რომ მოხდებოდა გენგეგმის შემუშავება. იცით, რომ ჩართულნი იყვნენ ძალიან მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო კომპანიები. საინტერესო მომენტთან მივედით, როდესაც წყალი ხელმისაწვდომია და დაინტერესება უკვე არის ძალიან დიდი კერძო სექტორიდან, როგორც შიდა, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ქართველმა ინვესტორებმა შეძლონ ინვესტიციების განხორციელება, თუ ამისი სურვილი ექნებათ და საშუალებები. ამიტომ უახლოეს ხანებში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია წყალტუბოს განვითარების შესაძლებლობის შესახებ კერძო სექტორთან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ პრივატიზების აქტიურ პროცესს, რომელშიც უკვე ვხედავთ ძალიან დიდ დაინტერესებას ბევრი უცხოელი ინვესტორის მხრიდან წყალტუბოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გამოსყიდვაში გადახდილი თანხის შესახებ შეკითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს იყო მოლაპარაკების პროცესის“ შედეგად მიღებული თანხა და მას წინ უძღოდა ექპერტული შეფასებაც.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა წყალტუბოს განვითარებისთვის. ის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ის კერძო მფლობელის ხელში იყო წყალი და ის დაუბრუნდა სახელმწიფოს და მისი პრივატიზება არ მოხდება – ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახელმწიფო მისცემს წყალზე წვდომის უფლებას კერძოს, რომელიც კარგად მოუვლის და კარგად გამოიყენებს ტურისტული და ბალნეულოგიურ მიზნებისთვის ამ რესურსს – ეს არის სწორი მოდელი“, – განაცხადა მინისტრმა.