წყნეთში მოკლული ახალგაზრდა კაცის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარედგინა.

მას წარდგენილი ბრალის მიხედვით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ.

საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ განხადებაში.