ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქ. ქუთაისში ბენზინგასამართ სადგურებსა და სავაჭრო ქსელში. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა“, – ამბობენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.