„ყალბია კრიტიკა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის" - მდინარაძე რუსულ კანონზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე რუსული კანონის ინიციირების შესახებ უცხოეთიდან შეფასებების შესახებ კითხვაზე ამბობს, რომ ეს კრიტიკა „ყალბია”.

„დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ. დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს. ოღონდ განსხვავება არის ერთი: შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი რუსულ კანონს აღარ უწოდებენ, თუ არ არიან სუბიექტური ფიზიკური პირები. ეს არის უკვე შედეგი, ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ. კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, კრიტიკა არის ყალბი”, – განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ რუსული კანონის მობრუნება დააანონსა, საერთაშორისო პარტნიორებმა ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს კანონი ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას დემოკრატიულ საზოგადოებად; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ევროპის გზას ჩამოაცილებს;

მხოლოდ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „ახლა ყველა ქვეყანა, პრაქტიკულად, ებრძვის მათ, ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ” და აქვე აღნიშნა, რომ კანონის „რუსულ პროექტად” მიჩნევა, აბსურდულია.