აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა, კომპანია „იანდექსის“ მიერ კონკურენციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს.
ისინი დაბალ ტარიფებსა და არასათანადო გარემოში მუშაობას აპროტესტებენ. მათი თქმით, დაბალი ტარიფების გამო გაწეული შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ.
მძღოლები ამბობენ, რომ საჩივრის მიზანია, გამოიკვლიონ, რამდენად იცავენ კომპანიები საქართველოს კანონით განსაზღვრულ კონკურენტუნარიან გარემოს.
„იანდექსს“ საქართველოში ბაზრის თითქმის 70% აქვს ათვისებული და ამას იყენებს არასათანადოდ. ჩვენ ასე ვფიქრობთ. იმიტომ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ მოიკვლიოს ეს ინფორმაცია და დაადგინოს, რამდენად კანონიერად აქვს ბაზარი დაკავებული, რამდენად კანონიერად ათამაშებს ფასებს.
დაბალი ტარიფები ტაქსის მძღოლებს აყენებს არაკონკურენტულ პირობებში სხვა აპლიკაციის მძღოლებთან შედარებით. ზუსტად ამის მოკვლევა გვინდა და თუ დადასტურდება ეს ფაქტი, ან რაც იქნება პასუხი, იმის შესაბამისი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
„დაბალი ტარიფები, ჩვენ გვიქმნის დისკოსმფორტს, რადგან გვაქვს დაბალი შემოსავალი ამ გაზრდილ ინფლაციურ პირობებში და კომპანია არ ახდენს თანაფარდობას დღევანდელ რეალობასა და ტარიფს შორის”, – აცხადებს მძღოლი.
აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად უკვე არაერთი აქცია გამართეს. 4 მარტს კი Yandex-სა და Bolt-თან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
დასაქმებულების განცხადებით, აუცილებელია, მათი შრომა აღიარებული იყოს, ისინი გადასახადების გადამხდელებად ჩაითვალონ და კომპანიების მხრიდან ერთპიროვნულად არ მოხდეს ტარიფების გადახედვა.
გარდა ამისა, ისინი თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ A და B კატეგორიის მძღოლები თანაბარ პირობებში ჩააყენონ. მათი მოთხოვნა არაა საავტობუსო ზოლში B კატეგორიის ტაქსებისთვის მოძრაობის უფლების მიღება, არამედ – მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმის უფლების მოპოვება.