ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ facebook-ის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ასობით ყალბი გვერდის წაშლაზე განცხადება გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა კოკა ყანდიაშვილზე, რომელიც „ეSპერსონას“ დამფუძნებელია.  მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს  „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს.

„ამ ადამიანს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური შეხება 2013-2014 წლიდან  აღარ აქვს. ყველამ იცის  და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ის ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ადამიანი ძალიან ბევრი წელია ქართულ მედიასივრცეში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოს წარმოადგენდა.  როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ მას ჰქონდა  და აქვს „ეSპერსონა“. ის ოპერირებდა მედიასივრცეში, მათ შორის facebook-სივრცეში.  მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება, დავალება მის მიმართ, ასეთი არ ფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, რომ ეს ვერც facebook-მა მიუთითა. ასეთი კავშირი არ არსებობს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში და მათ შორის facebook-სივრცეში, ჩვენ ეს კარგად ვიცით და ახლა ვერ დავდგებით სირაქლემას პოზიციაში“, – თქვა მდინარაძემ.


facebook-ის განცხადებით, გამოცემა „ეSპერსონასთან“ დაკავშირებული Facebook-გვერდები, მომხმარებლები და ჯგუფები თავიანთი პლატფორმიდან წაშალეს.

აპრილში გამოვლენილი და წაშლილი გვერდებისა და მომხმარებლების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სოციალური ქსელიდან 500-ზე მეტი გვერდი და 100-ზე მეტი ჯგუფი წაიშალა, გამოცემა „ეSპერსონა“ კი Facebook-დან დაიბლოკა.

„საქართველოში ჩვენ წავშალეთ 511 Facebook-გვერდი, Facebook-ის 101 მომხმარებელი, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 მომხმარებელი. ჩვენი გამოძიებით, ეს ქსელი დაკავშირებული იყო მედიაორგანიზაცია „ესპერსონასთან“. ამჟამად ეს ორგანიზაცია ჩვენი პლატფორმებიდან დაიბლოკა. ეს გამოვლენილი აქტივობა ჩვენი გამოძიების ნაწილია, რომელიც არაავთენტურ ქცევას იძიებს ადგილობრივ „ფაქტჩეკინგ“ ორგანიზაციასთან ერთად და გარკვეულწილად ადრე წაშლილ გვერდებს უკავშირდება“, – ნათქვამია Facebook-ის ანგარიშში.