ყაველაშვილი აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, გაემიჯნოს ენგურის ხიდთან დაგეგმილ აქციას

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დღეს ენგურის ხიდთან დაგეგმილ აქციას ეხმაურება.

ის კვლავ ამერიკის საელჩოს მიმართავს და მოუწოდებს გაემიჯნოს აქციას, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით იმართება.

„გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას რეალურად იწვევს.

აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი – მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ.

მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს, ამჯერად მაინც გაემიჯნოს მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას,”- წერს ყაველაშვილი.

მისი თქმით, ისინი [„ხალხის ძალა“] განახორციელებენ „მეორე ფრონტისკენ“ მიმართული ქმედებებისა და პროვოკაციების მუდმივ მონიტორინგს, რათა საზოგადოება იყოს ფხიზლად.

დღეს, აქცია, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.

„ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს, “- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორები არიან-  ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი.

„ქართული ოცნება სამწუხაროდ აგრძელებს ანტიდასავლური კამპანიისა და ომის შიშის კულტივირებას, რუსული პროპაგანდის კულტივირებას. დღეს ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩვენი მთავარი პარტნიორის აშშ-ს საელჩო და ევროპული საქართველო რუსების გაღიზიანებისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში, “- ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას  „ევროპული საქარველოს“ გენერალურმა მდივანი აკაკი ბობოხიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ე.წ. ოთხეულის განცხადებებზე, იმიტომ რომ ისინი ერთად არიან და არც გამიჯნულან ან აპირებენ რომ გამეიჯნონ მათ განცხადებებს.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile