ყაზბეგში მდინარე ადიდდა, ღვარცოფმა გზა დატბორა

პუბლიკა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც ღვარცოფული ნაკადი გამოიწვია. სოფელ გერგეთთან გარკვეული ტერიტორია, მათ შორის, გზა დაიტბორა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დილიდან ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, – წერია განცხადებაში.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, დაბაში მეწყერი გუშინ, საღამოს საათებში, მცირე ფართობზე ჩამოწვა და მას დასახლებული პუნქტებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. როგორც მერი აღნიშნავს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დაბა სტეფანწმინდაში ეს მეწყრის ჩამოწოლის პირველი შემთხვევა არ არის.

„გუშინ, დაახლოებით, საღამოს 5-6 საათი იქნებოდა მეწყერი რომ ჩამოწვა. მოსახლეობისთვის საშიშროება არ შეუქმნია, არ მისულა დასახლებულ პუნქტამდე. უბრალოდ, ძალიან დიდი ნალექი იყო და ამ ნალექის შედეგად, დიდი წყალი წამოვიდა დაბაში, ძირითადად, გერგეტის უბანზე. გუშინვე მოხდა გაწმენდითი სამუშაოები. ტექნიკამ იმუშავა ადგილზე, არხი გაჭრა, რომ მოსახლეობის მხარეს არ წასულიყო წყლის დიდი მასა“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.