ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალი წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის დაკავებულ მღვდელმსახურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა – ესაა განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლები.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 20 აპრილს ავტომანქანით მოძრავ არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. ჟღენტმა კი შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო”, – ნათქვამია განცხადებში.

სამართალდამცველებმა მღვდელმსახური სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27  აპრილს დააკავეს.

მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია და დუმილის უფლებას იყენებს.