ყირიმის პლატფორმაზე გამოსვლისას ზელენსკიმ აფხაზეთისა და სხვა ტერიტორიების დეოკუპაციაც ახსენა

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში მიმდინარე ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტს ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ყირიმი დაიბრუნოს უკრაინამ, რათა ნახევარკუნძული დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას, განვითარებას და დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის პლატფორმა შესაძლებელია მსგავსი პლატფორმების საწყისად იქცეს, რათა მოხდეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაც – „დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე“.

„ყირიმის პლატფორმის ფორმატი საწყის წერტილად უნდა ვაქციოთ სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ ტერიტორიების დეოკუპაციას, რომლებიც ოდესღაც დაიპყრეს: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან დაწყებული და ჩრდილოეთ ტერიტორიებით დამთავრებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის დეოკუპციასთან ერთად დამარცხდება რუსეთი და ხალხი უფრო უსაფრთხო მსოფლიოში გაიღვიძებს. თუმცა ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იქნება, რომ პლატფორმამ განაგრძოს მუშაობა ყირიმის დეოკუპაციის შემდეგაც, რათა იქ სრულფასოვანი ცხოვრება დაბრუნდეს.