ყირიმში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა

პუბლიკა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამის არხებზე აფეთქების ამსახველი  ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.

რუსული მედია ე.წ. სოფლის საბჭოს ხელმძღვანელ ნიკოლაი კარპეცზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმის ჯანკოისკის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად მდებარე საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა.

„დიახ, იყო საბრძოლო მასალის აფეთქება. ეს მოხდა დაახლოებით დილის ექვს საათზე“, – განაცხადა კარპეცმა რუსულ მედიასთან საუბარში.

საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

„ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მასალის დროებითი შესანახ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც საბრძოლო მასალა აფეთქდა“, – აცხადებენ სამინისტროში.