ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დავაკავეთ – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში სამართალდამცავებმა 49 წლის მამაკაცი დააკავეს, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.