ყოფილი ლიდერების EU-სთვის წერილით მიმართვაზე საუბრისას კობახიძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეკითხვაზე – რატომ არ შეუერთდა „ქართული ოცნება“ ყოფილი პრეზიდენტებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების საერთო წერილს? – სექსისტური შეფასებით პასუხობს:

„ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა, შენ შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო. არ ვართ ჩვენ მახინჯი, შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძემ სექსისტური შინაარსის შეფასება გამოიყენა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ „აი, ვიღაცასთან რომ მიხვიდეთ, მაგალითად, და ჩემი მახინჯი შვილი მოიყვანე ცოლადო … თუ გინდა შენი შვილის გათხოვება არ უნდა თქვა, რომ მახინჯია”.

„პუბლიკამ“ მმართველი გუნდის წევრს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანს მიმართა შეფასებისთვის. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


დღეს, 22 ივნისს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სტატუსზე ევროპული საბჭოსადმი მიმართვის წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიიტანა.

წერილს ხელს აწერენ გიორგი მარგველაშვილი და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, – დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და კაკო ასათიანი.