ყოველ ჯერზე ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და ვერ გვაწვდიან ხოლმე - კობახიძე თეთრი სახლის ანგარიშზე

პუბლიკა

„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მანდ? არა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს… ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, თუმცა შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე თეთრი სახლის ანგარიშს, რომელშიც 40-მდე ქვეყანას შორის ნახსენები იყო საქართველო, რომლებსაც ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისგან თავის ასარიდებლად იყენებს.

კობახიძის თქმით, არ ჰგონია, არსებობდეს ამ სქემაში საქართველოს ჩართულობის კონკრეტული ფაქტი და ეს ზოგადი განცხადებაა. ხოლო ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომ თეთრი სახლი ანგარიშს ფაქტებზე დაფუძნებით დაწერდა, კობახიძემ განაცხადა, რომ „დაწერდა“ და სხვადასხვა მხარეს დაუწერია ასეთი ანგარიშები ფაქტების გარეშეც. ასევე შესაძლოა თეთრი სახლისთვის ვინმეს „შეგნებულად მიეწოდებინა არასწორი ინფორმაცია“.

„დაწერდა? რატომ? ძალიან ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაფუძნების გარეშე ბევრი რამ. აქედან გამომდინარე, ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით.

ყოველ ჯერზე ჩვენ ვითხოვთ [ფაქტებს]. თეთრ სახლსაც შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი ინფორმაცია ქვეყნდება, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან ხოლმე. ეს არის სტანდარტული მოცემულობა…

ფაქტი მოგვაწოდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი, ფაქტი თუ გვექნება, რეაგირებაც გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.


თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთის მიერ ტარიფებისთვის თავის არიდების სქემას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების თავიდან ასარიდებლად ჩინეთი 40-მდე ქვეყანას იყენებს, რომელთა შორის საქართველოცაა ნახსენები.

ანგარიშში, რომელსაც „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam) ჰქვია, ნათქვამია, რომ ჩინეთს შექმნილი აქვს „ჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელი“. ის სხვადასხვა ტიპის ქვეყნებს განსხვავებული საჭიროებებით ტვირთავს.

თეთრი სახლის მიხედვით, სქემაში შეიძლება გამოყენებული იყოს რეექსპორტი ან სიმბოლურად დამუშავდეს პროდუქცია, საბოლოოდ კი ჩინური საქონელი აშშ-ში შეცვლილი ეტიკეტით ხვდება.

ანგარიშის მიხედვით, თეთრი სახლი სამ კატეგორიად ყოფს ამ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომლებიც ამ სქემის ნაწილია. საქართველო მოექცა მესამე კატეგორიის, მცირე, ოპორტუნისტულ სამიზნე ქვეყნებში. საქართველოსთან ერთად აქ არიან კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები – აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები, პანამა და სხვები.

თეთრი სახლის ანგარიშში ნათქვამია, რომ უფრო კონკრეტულად საქართველოს როლი სახმელეთო კორიდორია.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთის ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“, – ნათქვამია ანგარიშში.