ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო?! – ერეკლე კუხიანიძე

პუბლიკა

ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ახალგაზრდებმა მოითხოვესო. ის ახალგაზრდები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, რას ლაპარაკობდნენ. მე ახლა მეცოდებიან ისინი იმიტომ, რომ ისინი არიან სათამაშაოები ამ ნაცისტური მოძრაობის ხელში.

რაღაცა კატეგორია ხალხისა კი აყვირდა, მერე რა? რამდენი ხალხია, რომელიც მხარს მიჭერს. რა თქმა უნდა, შეცდომა დაუშვა „ოცნებამ“. კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ ბიძინას, ვთხოვ მას, შემხვდეს და ყველაფერს მოვუყვები, რა ხდება, როგორ ხდება და ა.შ. არავითარ შემთხვევაში მანდატს არ დავტოვებ, იმიტომ, რომ ეს მანდატი იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელო“, – განაცხადა კუხიანიძემ.

დღეს, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე მოითხოვა, რომ დეპუტატ ერეკელე კუხიანიძეს კომიიის სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

ამ თემასთან დაკავშირებით კამათში ჩაერთო დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი და ამის შემდეგომ მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.


სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების აღშფოთება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ერეკლე კუხიანიძის facebook-სტატუსმა გამოიწვია.

მან facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქგვერდზე.

„ქართულმა ოცნებამ“ მას უმრავლესობა დაატოვებინა, ოპოზიცია კი  მოითხოვს, რომ კუხიანიძემ დეპუტატის მანდატიც დატოვოს.


საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა.