ყოველთვის ვსაუბრობთ ციხეებში თანამშრომელთა უფლებებსა და პირობებზე – ლომჯარია

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დასრულდა ობმუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვა, პენიტენციურ  სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ მინისტრის განცხადებები ხშირად იყო უტრირებული და თეა წულუკიანმა არასწორი ფაქტები მოიყვანა სახალხო დამცველის ანგარიშიდან.

მისივე თქმით, მინისტრის მიერ კომიტეტზე ნაჩვენები კადრები აჩენს კითხვებს, რამდენად კანონიერად არის ისინი მოპოვებული და შენახული.

„პირველ რიგში მინდა, შევეხო იმ გასულ კადრებს, რომელიც უჩვენეს. პირველი კადრი, თუ არ ვცდები, იყო ზაფხულის, იმიტომ რომ ზაფხულის შემდეგ ეს პირი ჩვენთან არ მუშაობს, სახალხო დამცველის აპარატში.

თუმცა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა სხვა რამ. რის საფუძველზე მოხდა ამ ინფორმაციის დაარქივება და შენახვა, იმიტომ რომ, ჩვენ როგორც ვიცით, და როგორც წესია, როდესაც გვჭირდება ვიდეომასალა, მათ შორის არასათანადო მოპყრობის საქმეების შემთხვევები თუ სხვა ფაქტების გამოძიება, როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი ან არ არის შენახული, ან წაშლილია, ან არ არის დაარქივებული.

თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ზაფხულის შემდეგ, თურმე, ინახავს იუსტიციის სამინისტრო. გვეცოდინება, ქალბატონო თეა, აუცილებლად,  შემდეგ ჯერზე, როდესაც დაგვჭირდება. თქვენ თვეების განმავლობაში ინახავთ ინფორმაციას. სახალხო დამცველი აუცილებლად გამოითხოვს ინფორმაციას, რის საფუძველზეა ეს ინფორმაცია ამდენი ხანი დაარქივებული და რამდენად კანონიერი იყო მისი მოპოვება და შენახვა“ –ასე უპასუხა ნინო ლომჯარიამ თეა წულუკიანს.


სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრის შეფასება, თითქოს სახალხო დამცველი ანგარიშში არ საუბრობს თანამშრომელთა მდგომარეობაზე, იყო არასწორი.

„ჩვენ ყოველთვის გვაქვს ცალკე თავი, ცალკე ქვეთავები, სადაც ვსაუბრობთ თანამშრომელთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ძალიან ცუდი რეჟიმის პირობებზე. იმაზე, რომ შვებულებით სარგებლობა არ შეუძლიათ, დაბალ ხელფასზე, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საჭიროებაზე. ამიტომ თქვენი განცხადება, რომ სახალხო დაცველი ამ საკითხებს არ ეხება, არის მცდარი, არ გამოვიყენებ ტყულს და ძალიან მარტივად შეიძლება ეს გადამოწმდეს უბრალოდ ანგარიშის გახსნითა და წაკითხვით“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, წულუკიანის კიდევ ერთი შენიშვნა, რომ არ ჰქონდათ კომუნიკაცია სამინისტროსთან ანგარიშში მოხვედრილი შემთხვევების შესახებ, არის მცდარი და ის ამ შენიშვნას არ ითვალისწინებს.

„ჯერ კიდევ ოქტომბრიდან ჩვენი აპარატი, ჩემი მოადგილე… ჩვენ ეს ანგარიში მზად გვქონდა და ვცდილობდით პოზიციების ურთიერთგაცვლას, შეჯერებას დეკემბრის მეორე ნახევრამდე. ანგარიში არ გამოვაქვეყნეთ, იმიტომ რომ ძალიან მგრძნობიარე საკითხებია, ეს გვესმის და აქედან გამომდინარე გვინდოდა, რომ ეს საკითხები გაგვევლო თქვენთან, თუმცა თქვენი მხრიდან ეს ინტერესი არ აღმოჩნდა, სამწუხაროდ. ამიტომ ამას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ“ , – თქვა ლომჯარიამ.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სად და როდის შევა სახალხო დამცველი და მისი ვიზიტი ციხეებში დაფუძნებულია მეთოდოლოგიასა და უშუალოდ ომბუდსმენის ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს თავისი მიზანი.

„ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი ციხეებში, როდის არ უნდა შევიდეს, ამას აქვს თავისი მიზნები, ამას აქვს თავისი ახსნა. თუ სურვილი გაქვთ, შემიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არა არის, ან მისი გასარჩევი. მთავარია, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპეტენტური, არგუმენტირებული დასკვნა“, – თქვა სახალხო დამცველმა.