ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის – დასეტყვილს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს, მათ შორის დასეტყვილსაც.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. რამდენიმე დღის წინ კახეთში საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა, დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და, სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა მევენახეობის სფეროში გასულ 10 წელთან შედარებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს არის 2500, ასევე ვენახების ფართობები 10 წლის წინ მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს, ხოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა.