ყველა კანონიერი გზით შევეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს - რაჭის სათემო ორგანიზაცია

პუბლიკა

რაჭის სათემო ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემას – ამის შესახებ სათემო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა.

მინისტრმა შესაბამისს ბრძანებას ხელი 2020 წლის 17 მარტს მოაწერა.

„მინისტრმა აღნიშნული ბრძანება გამოსცა იმ პერიოდში, როცა მოსახლეობის მთელი ყურადღება გადატანილია კორონავირუსისგან თავის დაცვასა და მასთან ბრძოლაზე, როცა ხელისუფლება მოგვიწოდებს, რომ სახლში დავრჩეთ; როცა მოსახლეობას ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეზღუდული გვაქვს შეკრების თავისუფლება, ასევე, შეზღუდულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

რაჭის სათემო ორგანიზაცია ონის ჰესების კასკადის მშენებლობას ბევრი მიზეზის გამო ეწინააღმდეგება, მათ შორის უმთავრესია:

► მშენებლობის შემთხვევაში დაგეგმილია ათასობით ძირი ხის მოჭრა;
►მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია;
► მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ;
► მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს;
► გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში;
► მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება;
► საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭაშია შემცირებული. 2002 წელს, ონის რაიონში 9 182, ამბროლაურის რაიონში კი 16 225 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6 130 ადამიანი ცხოვრობს, ამბროლაურში 9 139. ბოლო აღწერის შემდეგ მოსახლეობა კიდევ შემცირდა. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება.

რაჭის სათემო ორგანიზაცია მოკლე დროში უზრუნველყოფს მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ონის ჰესების კასკადის მშენებლობით მოსალოდნელ საფრთხეებზე, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მობილიზებას და ყველა კანონიერი გზით შეეცდება, აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს”, – აცხადებს რაჭის სათემო ორგანიზაცია.

რა იგეგმება რაჭაში?

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – „ონი 1 ჰესი” (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი” (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია. კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა.
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა.
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).