ყველა მოსამართლე ახლოს მიცნობს, არ მგონია, აქ გასაკვირი იყოს, რომ ვინმეს კითხვები არ გაუჩნდა - მურუსიძე

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ საბჭოში მისი და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა დემოკრატიული პროცესის შედეგად მოხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ საბჭოს წევრობა პრივილეგია არ არის, რადგან საბჭოს მიმართ მიმდინარეობს „ბულინგის კამპანია და ლანძღვა“, შესაბამისად, სასამართლო კორპუსში მისი წევრობის „დიდი სურვილი არ არის“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საბჭოს წევრები თუ ასეთი წნეხის ქვეშ არიან, რატომ მოუნდა თავად ასეთ ვითარებაში საბჭოს წევრობა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მან ეს პასუხისმგებლობა აიღო, საკუთარი კანდიდატურა დაასახელა და გადაწყვეტილება სასამართლო კორპუსს მიანდო, რადგან ისინი დიდი ხანია იცნობენ და მისი შესაძლებლობები იციან.

წამყვანის შეკითხვაზე, რომ საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, რადგან პროცესი არ ითვალისწინებს გასაუბრებას, ხომ არ დაუჭირეს მას ფორმალურად მხარი, მურუსიძე განმარტავს, რომ მოსამართლეები ერთმანეთს იცნობენ და გასაკვირი არ არის, თუ ერთმანეთთან შეკითხვები არ აქვთ.

 „თქვენ ფიქრობთ, რომ გასაუბრება რომ იყოს და კითხვების დასმა, სხვა შედეგს მივიღებდით? სასამართლო კორპუსში ვართ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. ეს არ არის ისეთი მომენტი, რომ ერთმანეთს არ იცნობენ მოსამართლეები.  მე სასამართლო სისტემაში აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს ვიცნობ. ყველა მოსამართლე ახლოს მიცნობს, იციან ჩემი შესაძლებლობები, შესაბამისად, მე არ მგონია, აქ გასაკვირი იყოს, რომ ვინმეს კითხვები არ გაუჩნდა“, – აცხადებს მურუსიძე.

წამყვანმა მოსამართლეს შეახსენა ევროკომისიის რეკომენდაცია, მოხდეს საბჭოს დაკომპლექტება გამჭვირვალედ, რაზეც მურუსიძე ფიქრობს, რომ ეს რეკომენდაცია პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესს მიემართება.

„გამჭვირვალედ არჩევა, ალბათ, აქ იგულისხმება, მე როგორც ვიცი, არამოსამართლე წევრების [არჩევა], რომლებიც პარლამენტში გაივლიან გასაუბრებას და გამჭვირვალე პროცესი იქნება.

რაც შეეხება სასამართლოს, ძალიან გამჭვირვალეა. ყველას აქვს უფლება, დაასახელოს თავისი კანდიდატურა. მოსამართლე არ უნდა იყოს მშიშარა. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, უნდა მობრძანდეს კონფერენციაზე და თავის პოზიცია თქვას, იმიტომ, რომ იქ მურუსიძის არჩევნები კი არ ხდება, იქ იკრიბება სასამართლო კორპუსი და თუ რამის თქმა გინდა, უნდა ილაპარაკო იქ.

ვიღაცა არ უნდა მოდიოდეს ჩემთან და არ უნდა მეუბნებოდეს მე, ლევან მურუსიძეს, ეს მოსამართლეები მინდა ვიხილო საბჭოში და შენი ავტორიტეტი გამოიყენეო“, – აცხადებს მურუსიძე.

ლევან მურუსიძემ საბჭოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე ისაუბრა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვისი მხრიდან იყო ეს მცდელობა.

„ეს არის მოსამართლეთა კონფერენცია, სასამართლო ხელისუფლება თავის კონსტიტუციურ ორგანოს ირჩევს თვითონ და ყველას მოვუწოდებდი, რომ არ მოხდეს ჩარევა.

მაგალითად, ერთი შემთხვევა შემიძლია, გავიხსენო. ამასთან დაკავშირებით მერე პერიოდულად და ეტაპობრივად ვიტყვი. იყო პერიოდი, როცა ჩემთან გარკვეულ პირებს ჰქონდათ შეხვედრები და იყო საუბრები, რომ მათ სურდათ კონკრეტული მოსამართლეების ხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მე მაქვს ნათქვამი, რომ კი ბატონო, ვისაც სურს, დააყენოს თავისი კანდიდატურა მობრძანდეს კონფერენციაზე და მიმართოს მოსამართლეებს, გნებავთ, სიტყვით მიმართოს და გნებავთ იმუშაოს მოსამართლეებთან.

ეს ვუთხარი, მაგრამ არაო, ასე არ გვაწყობსო, იქნებ, შენ გამოიყენო შენი ავტორიტეტი და ვინც ჩვენ გვინდა, რომ იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იქნებ, უზრუნველყო მათი საბჭოს წევრად შეყვანაო. მოვა პერიოდი და ამაზეც უფრო გახსნილად ვილაპარაკებ. მე მათ ვუთხარი, მიმაჩნია, რომ ეს თქვენი მოთხოვნა თვითონ იმ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის არის შეურაცხმყოფელი, ვისი ხილვაც თქვენ გსურთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეთქი.

ამას ღიად დავტოვებ, ვისთან იყო ეს საუბარი და როგორც ამას საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად ვიტყვი პერიოდულად. ჯერ გვაქვს დრო. მე ოთხი წლით ვარ არჩეული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და როდესაც მივხვდები, რომ ეს აუცილებელია, ვიტყვი“, – განაცხადა მურუსიძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. ერთი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საბჭოს 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოებს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო[მოსამართლეთა კონფერენცია], 5 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი.

უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან დაკომპლექტებული მოსამართლეთა კონფერენცია სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს.

არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის მიერ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებისთვის წარდგენილი რეფორმის მიხედვით, უნდა შეიცვალოს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესი, კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე. (საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით).

ამ ეტაპზე საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარით, 8 მოსამართლე წევრითა და ერთი არამოსამართლე, პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრითაა დაკომპლექტებული.

ვაკანტურია 5 არამოსამართლე წევრის ადგილი, რომელთა ასარჩევად საქართველოს პარლამენტში კონკურსი უკვე დაიწყო.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile