„ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული, შეკრების უფლების დაცვა სწორედ, რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვაგვარად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენს ქვეყნაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა, ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი, და შეკრების თავისუფლება ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე მუხლი დარღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, (შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც) ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული“,- აცხადებს პრეზიდენტი.
პრეზიდენტი მოუწოდებს შსს-ს რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები.
მმართველ პარტიას კი მოუწოდა შეწყვიტონ სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.